ძირითადი კერძი რეცეპტი

ხბოს ხორცი ალუბლისა და ბროწეულის სოუსით

ჩაშუშული ხბოს ხორცი ბოსტნეულით ალუბლის და ბროწეულის სოუსთან ერთად 
 

ინგრედიენტები: 

  • ხბოს ხორცი
  • კარტოფილი
  • ცხიმი
  • ბულგარული წიწაკა - მწვანე, წითელი და ყვითელი
  • თეთრი ღვინო
  • ხახვი
  • კამა
  • ნიორი
  • შავი პილპილი
  • სვანური მარილი

მომზადების წესი: ხბოს ხორცი დავჭრათ თანაბარ ოთხკუთხედ ნაჭრებად, დავყაროთ ტაფაზე და თავისსავე წვენში ჩავთუშოთ. როდესაც წვენს შეიშრობს, დავუმატოთ ცხიმი და გრძლად დაჭრილი ხახვი, ამის შემდეგ კი დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ გაზქურაზე. ამის პარალელურად, დავჭრათ ბულგარული წიწაკა (სამივე ფერის) გრძელ ნაჭრებად და ცხიმწასმულ ლანგარზე დავაწყოთ, შემდეგ კი 10-15 წუთით შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. სანახევროდ მოვხარშოთ კარტოფილი, შემდეგ დავბრაწოთ და ყველაფერი ჩავყაროთ ხორცის ტაფაში და კარგად ავურიოთ, შემდეგ კი დავუმატოთ თეთრი ღვინო და დავაცადოთ, სანამ ღვინო არ ამოშრება. საბოლოოდ, დავუმატოთ ნიორი, შავი პილპილი, სვანური მარილი და წვრილად დაჭრილი კამა.

ალუბლისა და ბროწეულის სოუსი

ინგრედიენტები: 

  • გაყინული ალუბალი
  • ბროწეულის მარცვლები
  • წყალი
  • ნიორი
  • წიწაკა
  • მარილი
  • შაქარი

მომზადების წესი: გაყინული ალუბალი დავაბლენდეროთ და დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები და ცოტა წყალი, შემდეგ კი თავიდან დავაბლენდეროთ. შემდეგ გავწუროთ საწურზე, რათა მოშორდეს ბროწეულის წვრილ-წვრილი კურკები, შემდეგ დავდგათ ღუმელზე და ავადუღოთ. დუღილის დროს ჩავუმატოთ ნიორი, ცოტაოდენი შაქარი, მარილი და წიწაკა.