ძირითადი კერძი რეცეპტი

ყაფლამა ქათმის ბარკლის ტემპურითა და ბოსტნეულის სოუსით

ყაფლამა

ინგრედიენტები:

  • ქათმის მკერდის და ბარკლის ნაწილები
  • მრგვალი ბრინჯი
  • ხახვი
  • სტაფილო
  • გარგრის ჩირი
  • დაფნის ფოთოლი
  • თეთრი პილპილი
  • ძირა
  • ხმელი ქინძი
  • ნიორი
  • მარილი
  • კარაქი
  • ზეთი

მომზადების წესი: ქათმის გულ-მკერდისა და ბარკლის ნაწილებს დავჭრით საშუალოზე უფრო პატარა ნაჭრებად (ძვალ და კანგაცლილს), ჩავყრით ღრმა ტაფაში და მოვშუშავთ 1 მთლიან თავ ხახვთან ერთად, რომელსაც წვრილად დავჭრით. ჩავაგდებთ 2 ცალ დაფნის ფოთოლს. 150 გრამ მრგვალ ბრინჯს გავრეცხავთ და საწურზე დავდებთ დასაწრეტად. დავიწყებთ 1 ცალი სტაფილოს წვრილ კუბიკებად დაჭრას და ტაფაზე მოხალვას კარაქსა და ზეთთან ერთად. პარალელურად ვუმატებთ ბრინჯს და ვაგრძელებთ მოხალვას, ბოლოს ვამატებთ ასევე წვრილ კუბებად დაჭრილ გარგრის ჩირს, თეთრ პილპილს, ძირას, ხმელ ქინძს, მარილს გემოვნებით და 2 ლებან გაუფრცქვნელ ნიორს. ამ ყველაფერს დავაყრით მოშუშულ ქათამს და ხახვს და დავასხამთ 400მლ. ადუღებულ წყალს. ვადუღებთ იქამდე ვიდრე არ შეიწოვს წყალს და გაიკეთებს ე.წ.ბუშტებს. ამოვიღებთ ნიორს და დაფნის ფოთოლს და მივცემთ სასურველ ფორმას. 

ტემპურა

ინგრედიენტები: 

  • ბრინჯის ფქვილი - 100 გ
  • ხორბლის ფქვილი - 100 გ
  • რძე - 150-200 მლ
  • ჩილი
  • მარილი
  • ქოქოსის ფანტელი - 300-400 გ

მომზადების წესი: ქათმის ბარკალს გავაცლით კანს, დავსერავთ და წავუსვამთ მარილს. ძვალს მოვახვევთ სამზარეულო ალუმინის ქაღალდს (ფოლგა), ღუმელში თერმულად დამუშავებისთვის შევდებთ (180-200 გრადუსზე 45-55წუთით), შემდეგ გამოვიღებთ ღუმელიდან, ამოვსვრით ტემპურაში და ბოლოს ქოქოსის ფანტელში. ჩავდებთ ადუღებულ ზეთში და შევწვავთ ისე, რომ თანაბრად მიიღოს სასურველი (ქარვისფერი) ვიზუალი.

ბოსტნეულის სოუსი

ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი
  • სტაფილო
  • ჭარხალი
  • წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა
  • პილპილი
  • ხახვი
  • ნიორი
  • ტყემალი
  • დაფნის ფოთოლი
  • მიხაკის მარცვალი
  • ანისულა
  • დარიჩინი
  • ჩილი
  • მარილი

მომზადების წესი: 500 მლ. ვაშლის ძმარში ჩავდებთ 1 სტაფილოს,1 პატარა ჭარხალს, 2 წითელ და 2 მწვანე ბულგარულ წიწაკას, 2 დაფნის ფოთოლს, 7 მარცვალ ტყემალს, 1 ცალ ხახვს, 2 ლებან ნიორს, დარიჩინს, ჩილის, მარილს, მიხაკის მარცვალს, 10 გრამ ვანისულას. ვადუღებთ 35 -40 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი გავამარინადბთ.