სტარტერი რეცეპტი

ყაბაყი ნიგვზით, კიტრისა და პომიდვრის მიქსი "ყველით" და ჭვიშტარი

ინგრედიენტები:

  • ყაბაყი
  • ნიგოზი
  • ახალი ქინძი
  • სტაფილო
  • ნიორი
  • ხმელი სუნელი
  • წიწაკა
  • მჭადის ფქვილი
  • ჭყინტი ყველი
  • სულგუნი
  • ჭყინტი სიმინდის მარცვლები
  • კვერცხი
  • ზეთი
  • კახური ზეთი
  • კიტრი
  • პომიდორი
  • რეჰანი
  • გაწურული არაჟანი
  • ხაჭო
  • დაღერღილი წიწაკა

ყაბაყი ნიგვზით

მომზადების წესი: გათლილ და წვრილად დაჭრილ ყაბაყს ვთუშავთ ორთქლზე, მოთუშვის შემდეგ კი ვაცივებთ და ვწურავთ. შემდეგ ვხარშავთ სტაფილოს და ვხეხავთ წვრილ სახეხზე, დაწურულ ყაბაყს კი ვაზავებთ გატარებული ნიგვზით, ხმელი სუნელით, წვრილად დაჭრილი ქინძით, ვუმატებთ გახეხილ სტაფილოს, ცოტა ნიორს, მარილსა და წიწაკას გემოვნებით. გრილის ტაფაზე (ან სქელძირიან ტაფაზე) წავუსვამთ ზეთს და ძალიან თხლად დაჭრილ ყაბაყის ფირფიტებს შევწვავთ ორივე მხრიდან. ნიგვზით შეზავებულ ყაბაყის მასას გადავახვევთ ყაბაყის ფირფიტებში.

ჭვიშტარი


მომზადების წესი: სიმინდის ფქვილის, ჭყინტი ყველის, სულგუნისა და ახალი ჭყინტი სიმინდის მარცვლებს დავუმატოთ 1 ცალი კვერცი და მარილი გემოვნებით და გამოვაცხოთ ღუმელში სასურველ ფორმებში.

კიტრისა და პომიდვრის "მიქსი" ყველით

მომზადების წესი: კიტრი გავთალოთ, გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, პომიდორს გავაცალოთ კანი და დავჭრათ ჩხირებად. დავალაგოთ ჯერ პომიდორი, ზემოდან კი დავადებთ კიტრის მასას, წვრილად დაჭრილ რეჰანს, მარილს დავუმატებთ გემოვნებით. გაწურული არაჟნისა და ხაჭოსგან წინასწარ გავაკეთებთ ბურთულებს, დავამარინადებთ კახურ ზეთში რეჰანთან და დაღერღილ წიწაკასთან ერთად და ბოლოს ზემოდან დავადებთ კიტრისა და პომიდორის მასას.