ძირითადი კერძი რეცეპტი

სოკოს ჩაქაფული

ინგრედიენტები:

  • სოკო, 2 სახეობის - 500 გ ქამა და 500 გ კალმახა
  • კარაქი - 100 გ
  • ზეთი - 20 გ
  • ტარხუნა - 2-3 კონა
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • ქინძი - 1 დიდი კონა
  • კამა - 1 კონა
  • მჟაუნა და წიწმატი მცირე რაოდენობით
  • პიტნა - 1 კონა
  • ახალი ტყემალი
  • მწვანე პილპილი
  • ომბალო

მომზადების წესი:

გავასუფთაოთ და დავჭრათ სოკო (თუ ქამა სოკო ზომით ძალიან დიდი არ არის, შეგიძლიათ, მთლიანი თავი გამოიყენოთ და არ დაჭრათ), სქელძირიან ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავამატოთ ზეთი, რათა კარაქი არ დაიწვას და კარგად მოვშუშოთ სოკო. როცა დაიბრაწება, ჩავასხათ 150 მლ. თეთრი მშრალი ღვინო და 50 მლ. წყალი, დავუმატოთ მარილი და მოვშუშოთ თავდახურულ მდგომარეობაში, მოხარშვამდე(მოხარშეთ იმ ზომამდე, როგორიც თქვენ გსიამოვნებთ, ჩვენი რჩევაა, სოკო ოდნავ ხრაშუნობდეს).

ცალკე ქვაბში ჩავასხათ 100 მლ. ღვინო, 30-50 მლ. წყალი და გავაცხელოთ. დავჭრათ ყველა ჩამოთვლილი მწვანილი. სასურველია დავჭრათ მსხვილად, ასევე, ყურადღება მიაქციეთ, რომ ტარხუნა და პიტნა ღეროებისგან გამოაცალკევოთ, შემდეგ კი მოვათავსოთ გაცხელებულ ღვინოში. გაითვალისწინეთ - მჟაუნა თავიდანვე არ ჩაყაროთ, რადგან იოლად კვდება და ფერს და ფაქტურას კარგავს. მარილი დაამატეთ ფრთხილად, გაითვალისწინეთ, რომ სოკოსაც აქვს. რამდენიმე წუთში დაამატეთ მჟაუნა, ახალი ტყემლის ნაყოფი და გადმოდგით ცეცხლიდან ტყემლის ჩაშლამდე.

მომზადებული სოკო და მწვანილის სოუსი შეგიძლიათ შეურიოთ ერთმანეთს ან მიართვათ სტუმრებს ისე, როგორც ფოტოზეა წარმოდგენილი, ეს უკვე თქვენი სურვილის და კერძთან დამოკიდებულების მიხედვით განსაზღვრეთ.